ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ "უნდა დაველოდოთ", რა რეაქცია ექნება რუსეთს ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე ცხინვალის რეგიონის მის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით.
"რაც შეეხება ბიბილოვის განცხადებას, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პროვოკაციები ამ კუთხით ასევე გააქტიურდება და ჩვენ კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ სამწუხაროდ ამ მიმართულებიდან. ეს არ არის პირველი განცხადება ბიბილოვის და ე.წ სამხრეთ ოსეთი წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით.
ჩვენ უნდა დაველოდოთ ასევე, რა რეაქცია ექნება რუსეთს ამაზე. რუსეთის პოზიცია იქნება საქართველოს მიმართ კიდევ ერთი დამატებითი მესიჯი, რომელიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფასთანაა დაკავშირებული", - ამბობს დავითულიანი.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა იმოქმედოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით და ამავდროულად, გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ქვეყანა ამ მძიმე პოლიტიკური პირობებიდან, რომელიც შექმნილია რეგიონში, გამოვიყვანოთ მოგებული და არა კიდე უფრო დაზიანებული", - ამბობს დავითულიანი.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.